X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ანაკლიის პროექტი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია და ის აუცილებლად განხორციელდება

25 ივლისი 2019

სამწუხაროა, რომ ანაკლიის ნავსადგურის თემასთან დაკავშირებით არ მთავრდება სპეკულაციები მიუხედავად იმისა, რომ პროექტის პრიორიტეტულობას მთავრობის ფაქტობრივად ყველა წევრი ყველა ტრიბუნიდან ადასტურებს.

თითქმის ერთი წელია პოლიტიკოსების და მედიის მხრიდან  პროექტის შესახებ ხშირად ვრცელდება არასწორი ფაქტები და ინტერპრეტაციები, რომელთა მიზანი მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, რაც პროექტის განვითარების ჯანსაღ პირობებში წარმართვას  უშლის ხელს.

სახელმწიფო კეთილსინდისიერად ასრულებს საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და  მოცემულ ეპტაპზეც აქტიურად აწარმოებს ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის საპროექტო სამუშაოებს. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამის ცვლილებებზეც.

ჯერ კიდევ 2017 წლის აგვისტოდან, კონსორციუმის თხოვნით, რამდენჯერმე გადავადდა პორტის პირველი ფაზის მშენებლობისათვის საჭირო დაფინანსების მოძიების თარიღი. 2019 წლის ივნისში განხორციელებული ბოლო ცვლილების შედეგად, ამ  ვადამ გადაიწია 2019 წლის ბოლომდე.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სწორედ პროექტის გადარჩენის მიზნით, 2018 წლის დეკემბერიდან საქართველოს მთავრობა ჩაერთო „ანაკლიის განვითარების კონსორიუმსა” და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში. მოლაპარაკებების თემა იყო პორტის მშენებლობის დასაფინანსებლად  ანაკლიის კონსორციუმისთვის საჭირო სესხის გაცემა. მოლაპარაკების ორი რაუნდის შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ ბანკების მიერ წარმოდგენილ პრაქტიკულად ყველა მოთხოვნაზე, გარდა სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევის და სესხის სრულად უზრუნველყოფისა. 

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ არაერთხელ ითქვა, რომ სახელმწიფო არ ეძებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვის ალტერნატიულ კომპანიას. სწორედ ამის დასტურად ჩაერთო იგი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და ბანკებს შორის მოლაპარაკებებში და აგრძელებს მუშაობას კონსორციუმთან მაისში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და ბანკებთან გამართულ მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად. 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, რასაც საქართველოს მთავრობა პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე საკუთარი უპრეცენდენტო მხარდაჭერით ადასტურებს. 

პროექტის განხორციელება არ არის და ვერ იქნება დაკავშირებული  რომელიმე კონკრეტულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირთან და ასეთი არასწორი ინტერპრეტაცია თუ სპეკულაცია, სამწუხაროდ ისევ  პროექტის სწორ განვითარებას და ინვესტორსა და საფინანსო ინსტიტუტებს შორის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების პროცესს აზიანებს.

ანაკლიის პროექტი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია და ის აუცილებლად განხორციელდება.